ყარაბაღის კონფლიქტი ონლაინ სივრცეში

კიბერ აქტივისტებმა სომხეთის ხმა გლობალურ, ვირტუალურ, აუდიტორიას მიაწვდინეს.

ყარაბაღის კონფლიქტი ონლაინ სივრცეში

კიბერ აქტივისტებმა სომხეთის ხმა გლობალურ, ვირტუალურ, აუდიტორიას მიაწვდინეს.

Ruben Yesayan's Instagram Page where he lobbies celebrities to raise awareness of the Karabakh conflict.
Ruben Yesayan's Instagram Page where he lobbies celebrities to raise awareness of the Karabakh conflict.
Official Twitter page of the NGO AEGEE-Yerevan.
Official Twitter page of the NGO AEGEE-Yerevan.
Thursday, 22 October, 2020

რუბენ ესაიანი ბოლო რამდენიმე წელიავიდეო ბლოგების და კომედიური კლიპების კეთებით იყო დაკავებული. მას იუთუბზე საკუთარი არხიც ჰქონდა 200 000-ზე მეტი გამომწერით.

მას შემდეგ, რაც 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში კონფლიქტი განახლდა, ის ონლაინ აქტივიზმში გადაერთო. 

ინსტაგრამზე და ფეისბუქზე შექმნა ჯგუფი სახელწოდებით „ინსტაგრადი“ და დაახლოებით 70,000 მიმდევარიც გაიჩინა. რუბენის თქმით, მისი ამოცანა იყო სომხეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების და მხარდაჭერის მოზიდვა.  

„ჩვენი მიზანია მსოფლიოში ცნობილი ადამიანების ყურადღების მიპყრობა. ჩვენ მათ ვუგზავნით წერილებს, სადაც ვუყვებით სომხეთში არსებული ვითარების შესახებ და ვთხოვთ, რომ აგრესიის დასრულების მოწოდებებით გამოვიდნენ ”, - თქვა ესაიანმა, რომელიც ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობს.

მის მიერ შერჩეულ ცნობილ სახეებს შორის არიან სელენა გომესი და პოპვარსკვლავის ჯასტინ ბიბერის ცოლი. ესაიანი თვლის, რომ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ონლაინ ხმაურმა გაამართლა.

„ჩვენ მივწერეთ კარდი-ბის [და] მის მეუღლეს ოფსეტს - მან სთორი დადო ამის შესახებ, შემდეგ კი დაიწყო მასზე თავდასხმები აზერბაიჯანელების მხრიდან.”

მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად სომხები აზერბაიჯანთან ომს ციფრული და სოციალური მედიის სივრცეშიც აწარმოებენ. 27 სექტემბერს ბრძოლის განახლებასთან ერთად დაიწყო ონლაინ ომი, რომლის მიზანი გახდა ეროვნული სულისკვეთების ასამაღლებელი ნარატივების გავრცელება და მოწინააღმდეგე მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაბლოკვა.

ალის შარაფიანი კომუნიკაციების მენეჯერია ახალგაზრდულ ორგანიზაცია AEGEE- ერევანში. მისმა ორგანიზაციამ აირჩია ტვიტერი, როგორც გლობალური აუდიტორიისთვის ხმის მიწვდენის საუკეთესო საშუალება.

„ჩვენს ჯგუფში უკვე არის 20,000-ზე მეტი წევრი,” - ამბობს ის, „ჩვენ მცირე ზომის ტვიტების სახით ვაქვეყნებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს და ვავრცელებთ მათ ჰეშტეგებით #StopAzerbaijaniAggression და #ArtsakhStrong [ყარაბაღის სომხური სახელი]. დღეში 20 000-ზე მეტ ტვიტს ვპოსტავთ.  გვაქვს ასევე ჯგუფები გერმანიაში, ავსტრიასა და ლოს-ანჯელესში. ამჟამად, ჩვენი მთავარი ჰეშტეგია #SanctionTurkey. დღეს 40 000 ტვიტი გავუშვით ერთი საათის განმავლობაში.”

მან საუბრისას ახსენა ერთ-ერთ ბოლო შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყეს ჰეშტეგით #DonBelieveArmenia

ამ კამპანიის საპასუხოდ მისმა გუნდმა სხვა აქტივისტებთან ერთად „დავიწყეთ ჩვენი ტვიტების გამოქვეყნება ამ ჰეშტეგის ქვეშ... დაიწყო პანიკა, ისე გამოვიდა, რომ მათმა ჰეშტეგებმა მათივე საწინააღმდეგოდ იმუშავა. ”

ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი სამველ მარტიროსიანი აღნიშნავს, რომ ტვიტერზე მიმდინარე ომი არ მოიცავს მხოლოდ ორ მხარეს, ორივე მხარეს ჰყავს მხარდამჭერები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ ასევე მხარს უჭერენ თავიანთი დიასპორების წარმომადგენლები.

„ტვიტერის აზერბაიჯანელ მომხმარებლებს მხარს უჭერენ თურქეთიდან და პაკისტანიდან. ინდოეთი, საბერძნეთი და კვიპროსი მხარს უჭერენ სომხეთს. ბევრი მომხმარებელია საუდის არაბეთიდან და სხვა არაბული ქვეყნებიდან, რომლებიც სომხური გზავნილის გავრცელებას უწყობენ ხელს,” ამბობს ის.

სოციალურ მედიაში აქტიურობის გარდა ჰაკერების ჯგუფები იერიშებს ციფრულ ინფრასტრუქტურაზეც ახორციელებენ.

„[სომეხმა] ჰაკერებმა მათი ვებგვერდები გატეხეს და ისინი სომხურ გვერდებად გადააკეთეს, ეს ყველაზე მარტივი ვარიანტი იყო,” - თქვა შარაფიანმა.

ექსპერტი სამველ მარტიროსიანი თვლის, რომ ციფრულ და ინფორმაციულ ომებს შორის საზღვარი ძალიან მცირეა.

„სომხეთის საინფორმაციო უსაფრთხოების სტრატეგია ამ მიდგომას ეფუძნება, რადგანაც კიბერშეტევები ძირითადად ინფორმაციას უკავშირდება. მაგალითად, სამთავრობო და ახალი ამბების სააგენტოების ვებგვერდების გატეხვა ხდება მტრისგან წამოსული ინფორმაციის ნაკადის შესაჩერებლად, ხოლო მომხმარებელთა ანგარიშების გატეხვა მათი სახელით ამ ინფორმაციის გავრცელების შესაჩერებლად,” - აღნიშნა მან.

მარტიროსიანმა თქვა, რომ 11 ოქტომბერს შეტევები განხორციელდა აზერბაიჯანის საბანკო სისტემაზე და გავრცელდა ინფორმაცია 520 000 კლიენტის ტრანზაქციის შესახებ.

„ჰაკერები დაიმუქრნენ, რომ სხვა ნაბიჯებსაც გადადგამდნენ აზერბაიჯანული ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით,” - დასძინა მან.

3 ოქტომბერს, სომეხი ჰაკერების ჯგუფმა სახელწოდებით მონტე მელკონიანი (1993 წელს ყარაბაღში მოკლული ცნობილი მებრძოლი) ფეისბუკით გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ მათი შემდეგი სამიზნე გახდებოდა „აზერტელეკომი“, საკომუნიკაციო მომსახურების ყველაზე მსხვილი პროვაიდერი. ჯგუფის განცხადებით, ისინი უკვე ფლობდნენ 5 გბ მონაცემებს.

სომეხებმა ასევე გატეხეს აზერბაიჯანის 13 სატელევიზიო არხი და პირდაპირ ეთერში ათი წუთის განმავლობაში ავრცელებდნენ სომხურ ვიდეოებს.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი და მედია ექსპერტი არტურ პაპიანი ამბობს, რომ კიბერშეტევები ვებგვერდებზე ხორციელდებოდა ორივე მხარეს.

„ომის პირველ დღეებში, რამდენიმე აზერბაიჯანული საიტი იყო გათიშული,“ თქვა მან. „თავიდან ეს სომეხმა ჰაკერებმა გააკეთა, შემდეგ ბერძნებმა, შემდეგ ისევ სომხებმა. ისინიც ასე იქცევიან. 90-მდე სომხური საიტი და დომენი იყო გადამისამართებული. მათ გამოაქვეყნეს ალიევის გამოსვლა, მათი გმირის მუბარიზ იბრაჰიმოვის ფოტოები [აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომელიც 2010 წელს ფრონტის ხაზზე მოკლეს და რომელსაც გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს]. ეს იყო დომენის შეტევა, თუმცა ხდება ძლიერი დოსის შეტევებიც [როდესაც ჰაკერები დიდი ტრაფიკის მქონე საიტებს ტეხენ], ძირითადად სომხური ახალი ამბების ვებგვერდებზე.”

კიბერშეტევების მიზანი იყო ინტერნეტში ძიების დროს მომხმარებლის მხოლოდ ერთ მხარეს გადამისამართება.

„თუ ვებგვერდი მიუწვდომელია, ის არ არის ინდექსირებული და ამიტომ თუ ვინმე დაწერს საძებო ველში „ომი ყარაბაღში, ” საძიებო სისტემა მათ აზერბაიჯანულ ვებგვერდებზე გადაამისამართებს, რადგან სომხური საიტები მიუწვდომელია,” განმარტა პაპიანმა.

მან დასძინა, რომ „ახლა დოსის შეტევები ორივე მხრიდან ხორციელდება. ვებგვერდები გაუმართავად მუშაობს ორივე მხრეს, ისინი არ იტვირთება. ეს ეხება ძირითადად სამთავრობო გვერდებს. ადამიანები ცდილობენ ინფორმაცია მოიძიონ სოციალურ ქსელებში, სადაც უამრავი ყალბი ამბავია. და, აი, აქ იწყება პანიკა, რეალური სურათის ნიველირებით გზა ეხსნება სიყალბეს.”

8 ოქტომბერს ფეისბუკმა და ინსტაგრამმა გააუქმა 598 ყალბი აზერბაიჯანული ანგარიში, 7 906 გვერდი და 447 ინსტაგრამის ანგარიში.

„ფეისბუკს ყალბი აზერბაიჯანული პროფილებისა და გვერდების დეტალური ანალიზი აქვს გაკეთებული,”- თქვა პაპიანმა. „ოფიციალურ ანგარიშში ნახსენებია აქტიური პროპაგანდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. ყალბი ამბები სისტემატიზებულია. კონკრეტულ საათებში ისინი აქებენ ალიევის რეჟიმს და აკრიტიკებენ ოპოზიციას. ეს ყალბი ანგარიშები გაუქმდა როგორც ფეისბუკზე, ისე ინსტაგრამზე. ფეისბუკის დასკვნის მიხედვით, ამ გვერდების რეკლამაში 6,600 აშშ დოლარი დაიხარჯა.”

საბრძოლო მოქმედებების განახლებისთანავე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შეზღუდა წვდომა ინტერნეტზე და დაბლოკა სოციალური ქსელები, მათ შორის ფეისბუკი, ტელეგრამი და ვოთსაპი. დარჩა მხოლოდ ტვიტერი, რომელსაც „იყენებდნენ საგარეო პროპაგანდის პლატფორმად“, - განაცხადა მარტიროსიანმა

პოლიტოლოგი და ყოფილი დეპუტატი სტიოპა საფარიანი, რომელიც ამჟამად  სომხეთის საზოგადოებრივ საბჭოს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ სომხეთში სოციალურ ქსელებში აქტივიზმის გაძლიერება  ინფორმაციის ოფიციალური წყაროების მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობით იყო განპირობებული.

„ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ სომეხი ვარ, არამედ იმიტომ, რომ სომხური მხარე კარგად მუშაობს, რადგან ურთიერთობა ხელისუფლებას, საზოგადოებას და ფრონტის ხაზს შორის არის მკაფიო, გამჭვირვალე და გულწრფელი”, - თქვა მან და დასძინა, რომ „აზერბაიჯანელები ინფორმაციას იღებენ მხოლოდ ერთი არხის საშუალებით და ძალიან მცირე ნაწილს მიუწვდება ხელი ალტერნატიულ ინფორმაციაზე.“

თუმცა, ამბობს ის, ონლაინ ძალისხმევით ბევრის მიღწევა არ მოხერხდა, რასაკვირველია, არ იგულისხმება ინფორმაციის ან მოსაზრებების გაცვლა.

„ამ მხრივ ბევრია სამუშაო. ვერ ვხედავ რამე ხელშესახებ შედეგს,”- ამბობს ის. „ჩვენ რასაც ვხედავთ არის მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილი სიმბოლოები, დროშები, ჰეშტეგები და ტვიტები. [აზერბაიჯანული მხარე] წერს, რომ ყარაბაღი არის აზერბაიჯანი და სომხები ამბობენ, რომ არცახი სომხეთია, ყველაფერი ჰეშტეგების დონეზეა და ძალიან ცოტაა რეალური, ნამდვილი დისკუსია.”

პუბლიკაცია მომზადებული ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხმის მიცემა, ცვლილებების ინიცირება - დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთის სტეპებამდე პროექტის ფარგლებში.

This publication was prepared under the "Giving Voice, Driving Change - from the Borderland to the Steppes Project" implemented with the financial support of the Foreign Ministry of Norway.

Frontline Updates
Support local journalists