აფხაზეთის რკინიგზა სასიცოცხლო მნიშვნელობის სავაჭრო კვანძია

აშკარა სარგებლის მიუხედავად სარკინიგზო მარშრუტის განახლება ბევრ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

აფხაზეთის რკინიგზა სასიცოცხლო მნიშვნელობის სავაჭრო კვანძია

აშკარა სარგებლის მიუხედავად სარკინიგზო მარშრუტის განახლება ბევრ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

ბევრი დაგვეთანხმება, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა სარგებელს მოუტანს, როგორც სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს, ასევე მათ მეზობელ სახელმწიფოებს. მიუხედავად ამისა, დიდი პროგრესი ამ სტრატეგიული მნიშვნელობის მარშრუტის აღდგენის კუთხით ჯერჯერობით არ შეიმჩნევა.

იმის გამო, რომ კავკასიონის ქედი უზარმაზარ ბუნებრივ ბარიერს ქმნის, სარკინიგზო მარშრუტი რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას ერთმანეთთან აკავშირებს გადის გეოგრაფიულად ხელსაყრელ იმ ორ მონაკვეთში, სადაც მთები დაბლდება შავი და კასპიის ზღვებისკენ. რკინიგზა ერთ დროს რუსეთსა და საქართველოსაც აკავშირებდა ერთმანეთთან, მაგრამ კავშირი მთლიანად შეწყდა 1992-94 წლების ომის შემდეგ, რასაც მოჰყვა აფხაზეთის მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადება.

სამატარებლო მიმოსვლა არ შეწყვეტილა აფხაზეთსა და რუსეთს შორის. მოსკოვი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს აფხაზეთთან და უფრო მეტიც, აღიარებს მის დამოუკიდებლობას.

საქართველოს მეზობელი სომხეთი რუსეთთან პირდაპირი კავშირის დამყარებისაგან ყველაზე მეტ სარგებელს ელოდება. მისი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, რუსეთის პრეზიდენტთან 2013 წლის მარტში შეხვედრის შემდეგ დაიმედებულია, რომ ამ მიმართულებით წინსვლა მალე იქნება შესამჩნევი.

მისი თქმით, პუტინმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ აპირებს რკინიგზის საკითხის განხილვას აფხაზეთის პრეზიდენტთან ალექსანდრე ანქვაბთან.

„გავიგეთ, რომ ამ თვალსაზრისით პოზიტივი შეინიშნება და ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ ამ საკითხის მოსაგვარებლად“, – განაცხადა სარგსიანმა ჟურნალისტებთან  შეხვედრისას. „მაგრამ რა დროში მოხდება ეს – ამის თქმა მიჭირს.“

„რადიო როსიასთან“ ინტერვიუს დროს ანქვაბი გაცილებით ნაკლებ ენთუზიაზმს ამჟღავნებდა.

„თუ იქნება საერთო სურვილი და საერთო ინტერესი, გამართლებული და მხარდაჭერელი, მათ შორის აფხაზი საზოგადოების მხრიდან, მაშინ შეიძლება ამაზე საუბარი. მაგრამ მე არ ვაპირებ დამოუკიდებლად, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას,“ – განაცხადა მან.

აფხაზეთი რისკებს უფრთხის

რკინიგზის აღდგენის ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორად ითვლება აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის მოუგვარებლობა. აფხაზი ლიდერების განცხადებით დამოუკიდებლობის საკითხი არ ექვემდებაება მოლაპარაკებას, საქართველო კი მყარად დგას იმ აზრზე, რომ უნდა აღადგინოს კონტროლი მისი ტერიტორიის ამ სუვერენულ ნაწილზე. ამის გამო, საკმაოდ მცირეა მოლაპარაკებების დაწყების შანსები ისეთი გადაუდებელი საკითხების განსახილველად, როგორიც  დევნილი მოსახლეობის უკან დაბრუნება და ასევე ენგურის ხიდზე სამანქანო და სავაჭრო მიმოსვლის აღდგენაა.

იმის გამო, რომ რუსეთი აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და განაგრძობს მის აქტიურ მხარდაჭერას, საქართველო მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებისას ის მიკერძოებულ მხარე იქნება, ხოლო მისი ჯარების ქვეყანაში ყოფნას აქვს საოკუპაციო და არა სამშვიდობო მიზანი.

აფხაზი პოლიტიკოსები აღიარებენ, რომ რკინიგზის აღდგენა დიდ სარგებელს მოუტანს რესპუბლიკას, თუმცა მათი სურვილია მოლაპარაკებების წარმოებისას მათ ეჭიროთ ცენტრალური ადგილი და არ იყვნენ დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

„ჩვენ უნდა გვქონდეს იმის გარანტია, რომ თუ სარკინიგზო მიმოსვალა სომხეთიდან რუსეთის მიმართულებით საქართველოსა და აფხაზეთის გავლით აღდგება, აფხაზეთი იქნება თავისი მონაკვეთის ლეგიტიმური მფლობელი,“ – აცხადებს დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინტბა. „თუ ის ხალხი, ვინც რკინიგზის აღდგენის საკითხით არის დაინტერესებული სერიოზულად ფიქრობს ამაზე, მაშინ მათ ყველა ღონე უნდა იხმარონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ აფხაზეთის სრულუფლებიანი წევრობა ამ პროექტში.“

ხინტბამ აღნიშნა, რომ მთელი პროექტი დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, რადგან, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „საქართველოსა და აფხაზეთს შორის ნდობის ხარისხი ამჟამად ნულს ქვემოთაა.“

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი ბესლან ბარათელია აცხადებს, რომ სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში რესპუბლიკა სარტვირთო ტრანზიტზე გადასახადის სახით წელიწადში 20-30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მოგების მიღებას შეძლებს, თუმცა რეალური მოგება მის პოლიტიკურ ლეგიტიმაციაში მდგომარეობს. ბარათელია ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ პროექტში ჩართვით ფაქტობრივად მოხდება აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება და სწორედ ეს პერსპექტივა ითვლება მთავარ ხელისშემშლელი ფაქტორად წარმატების მიღწევაში.

„სხვა საკითხია დათანხმდება თუ არა ამას საქართველო; დააკმაყოფილებს თუ არა მას ჩვენი წაყენებული პირობები. ვფიქრობ, სწორედ ეს პირობებია ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი,“ – აცხადებს ის. „იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული და აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო არ მიიღებს პროექტში მონაწილეობას, რასაკვირველია, ჩვენ ასეთი ფული არ გვჭირდება.“

სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მცდელობა იყო ადრეც, კერძოდ 2003-2005 წლებში. აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის მიზნით შეიქმნა კონსორციუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთი, საქართველო და სომხეთი, მაგრამ მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა ტექნიკური მიზეზით და ასევე იმის გამოც, რომ აფხაზეთი არ იყო თავად ჩართული მოლაპარაკებების პროცესში.

2008 წელს, მოსკოვის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობიდან რამოდენიმე თვეში, რუსეთის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიამ მოიპოვა აფხაზეთის სარკინიგზო ხაზის 10 წლით მართვის უფლება და მის რეაბილიტაციაზე 60 მლნ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა, ამიტომ რკინიგზა ახლა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე ადრე იყო.

ბარათელია აღნიშნავს, რომ აღდგენაზე დახარჯული თანხა არის სესხი, რომელიც აფხაზეთმა ყველა შემთხვევაში უკან უნდა დააბრუნოს.

„თუ რკინიგზას არ ავამუშავებთ, ვერ ვიშოვით ფულს და გადაუხდელი დაგვრჩება ვალი. შესაძლებელია, ვალის გადახდის სანაცვლოდ მოხდეს რკინიგზის დათმობა,“ აცხადებს ის.

აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაცია ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის დირექტორი არდა ინალ-იპა საუბრობს „ალყის მენტალიტეტზე“, რის გამოც რეგიონალური ინტეგრაციის ნებისმიერი შესაძლებლობა საფრთხედ აღიქმება.

„ჩვენ ვისწავლეთ როგორ ვიცხოვროთ მძიმე ეკონომიკური სიტუაციის პირობებში“, ამბობს ის. „ბევრ ადამიანს არ უნდა ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებში ჩართვა რადგან მიაჩნია, რომ ეს საშიში იქნება ჩვენთვის. არა მგონია ეს სწორი მოდგომა იყოს, თუმცა ბევრ ადამიანს სურს უბრალოდ თავი აარიდოს იმას, რაც მისი აზრით მისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მათ უბრალოდ არ უნდათ გარისკვა და ისეთ გამოწვევებში ჩართვა, რაც ახალ ეკონომიკურ პერსპექტივებს გააჩენს.“

საქართველო ახდენს პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის შეფასებას

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველო-რუსეთის შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა, განსაკუთრებით 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ. ახალი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ეცადა მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენას, თუმცა იმის გამო, რომ არც ერთი მხარე არ აღმოჩნდა მზად დაეთმო თავის პოზიციები აფხაზეთთნ და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, პროცესი შეჩერდა.

იანვარში ივანიშვილმა განაცხადა, რომ რკინიგზის საკითხის მოგვარება შესაძლებელია „თუ იქნება ამის სურვილი ყველა მხრიდან“, თუმცა მან აღიარა, რომ პროცესი საკმაოდ ნელი იქნება.

საქართველოში საკმაოდ კარგად ესმით, თუ რა პოტენციური ეკონომიკური სარგებელი ექნება ამ პროექტს. ქვეყანაში უკვე გადის მილსადენები და სარკინიგზო ხაზები, რომლებიც ნავთობით-მდიდარ აზერბაიჯანს დასავლეთის ბაზრებთან აკავშირებს. ჩრდილოეთის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით საქართველოს, როგორც რეგიონალური სატრანსპორტო კვანძის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება და ასევე გაიზრდება მისი შემოსავალი მიღებული სატრანზიტო გადასახადებიდან.

პროექტის უპირატესობებზე საუბრობს მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან რეინტეგრაციის საკითხებში მთავარ ფიგურას წარმოადგენს.

„ყველას შეეძლება ამ რკინიგზით სარგებლობა – რუსეთს, საქართველოს და სომხეთს,“ -აცხადებს ზაქარეიშვილი. „ამით საქართველოს, როგორც სატრანსპორტო არტერიის როლი გაძლიერდება და გაიზრდება მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ტვირთები იმოძრავებს არა მარტო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, არამედ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ.“

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი მენაღარიშვილი თვლის, რომ რკინიგზის ირგვლივ საერთო ინტერესის შექმნით ქართველები და აფხაზები შეძლებენ ჩამოშორდნენ ომის თემას.

„ერთობლივ ეკონომიკურ ინტეგრაციას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქართველი და აფხაზი ხალხის გაერთიანების საქმეში,“ – აცხადებს ის. „ამ რკინიგზას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.“

სხვები ფრთხილობენ რუსეთის ნამდვილი ზრახვების გამო. მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

„რუსეთისთვის ეს რკინიგზა იქნება საშუალება ხელში ჩაიგდოს კავკასია, დაამყაროს თავისის გავლენა სომხეთსა და აზერბაიჯანზე და ასევე დაეპატრონოს ირანის კორიდორს. რატომ უნდა ასრულებდეს საქართველო პაიკის როლს რუსეთის ბინძურ პოლიტიკურ თამაშში?“ განაცხადა მიხეილ სასაკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს ამა წლის იანვარში. „თუ აფხაზეთის რკინიგზა აღდგება, სად დადგებიან ქართველი მესაზღვრეები? თუ რკინიგზის აღდგენა არ მოხდება საქართველოს დეოკუპაციის პარალელურად, მაშინ ამით მხოლოდ მოხდება რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია.“

სააკაშვილის განცხადებით საქართველომ ამ პროექტის ნაცვლად ყურადღება უნდა გადაიტანოს ყარსი-ახალქალაქის დამაკავშირებელ სარკინიგზო მაგისტრალზე. პრეზიდენტის თქმით სწორედ ეს გახდის საქართველოს „სტრატეგიულ მოთამაშედ“.

ივანიშვილის მთავრობა არ იზიარებს სააკაშვილის ენთუზიაზმს ყარსი-ახალქალაქის პროექტთან დაკავშირებით, რადგან მათი აზრით შავი ზღვის პორტებს მოაკლდება ტვირთბრუნვა. მინისტრების თქმით, უკვე მოხდა თურქეთთან და აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადახედვა, რათა მომხდარიყო პორტების საკმარისი ტვირთბრუნვით უზრუნველყოფა.

აფხაზეთის რკინიგზისაგან განსხვავებით, თურქეთთან დამაკავშირებელი ხაზი გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული, რადგან სტანდარტული ლიანდაგის ზომა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში უფრო ფართოა ვიდრე თურქეთში.

სომხეთი იზოლაციიდან თავის დაღწევას ცდილობს

რკინიგზის პროექტის ამოქმედება ყველაზე მომგებიანი რეგიონში ალბათ სომხეთისთვის იქნება. რუსეთის სამხრეთისკენ მიმავალი რკინიგზის კიდევ ერთი ხაზი კასპიის სანაპიროზე გადის, აზერბაიჯანთან კი სომხეთს, მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტის გამო, ყველანაირი ურთიერთობა აქვს გაწყვეტილი.

სომხეთისთვის რუსეთი რჩება  ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ და სავაჭრო პარტნიორად. მას საზღვარი აზერბაიჯანთან და მის მოკავშირე თურქეთთან ჩაკეტილი აქვს, ხოლო საგზაო მიმოსვალა რუსეთთან საქართველოს გავლით ნელა იკრებს ტემპს. სომხეთს ექსპორტისთვის განკუთვნილი საქონელი სახმელეთო გზით ჩააქვს საქართველოს პორტებამდე, საიდანაც ის მიემართება რუსეთში, ამის შემდეგ კი ტრანსპორტირება გრძელდება სატვირთო მანქანებითა და მატარებლებით.

სომხეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ბაგრატ ასატრიანი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ქვეყნის დაუძლურებულ ეკონომიკას ახალ სისხლს გადაუსხამს. ის იხსენებს 90-იან წლებს, როცა სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის შედეგად სომხეთსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა შემცირდა 95%, მეტით თუ არა.

„ფაქტობრივად სომხეთი ახლა ბლოკადაშია, რადგან მას არ აქვს სარკინიგზო მიმოსვლა მის მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან – ევროპასა და რუსეთთან. სწორედ ამიტომაა აფხაზეთის სარკინიგზო ხაზის გახსნა ასეთი მიშვნელოვანი და სტრატეგიული ამოცანა,“ აცხადებს ასატრიანი.

საქართველოსთან მიმოსვლის გარდა, სომხეთს სავაჭრო და სატრანსპორტო  კავშირები აქვს ირანთან. ამა წლის იანვარში სომხეთის ხელისუფლებამ  ახალი პროექტის, ელექტროფიცირებული რკინიგზის მშებლობის დაწყების თაობაზე გააკეთა განაცხადება. ახალი სარკინიგზო ხაზი ირანის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ მეღრიდან, ირანის გავლით, სპარსეთის ყურისკენ მიმავალ სატრანსპორტო ქსელს შეუერთდება. ახალი სარკინიგზო ხაზით მოხდება აზერბაიჯანის გავლით მიმავალი საბჭოთა დროინდენლი მონაკვეთის ჩანაცვლება.

იმ შემთხვევაში თუ გაიხსნება აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთი, სომხეთი თავს დააღწევს იზოლაციას და გახდება რუსეთიდან სპარსეთის ყურისკენ მიმავალი გზის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი.

სომხეთის “აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის” დირექტორი არმენ საფრასტიანი აცხადებს, რომ მარშრუტის გახსნას დამატებითი პოლიტიკური სარგებელი ექნება იმით, რომ შემცირდება თურქეთის მზარდი გავლენა საქართველოსა და აზერბაიჯანზე.

„სომხეთი დაუკავშირდება რუსეთს, შედეგად კი გაიზრდება რუსეთის გავლენა მთელს სამხრეთ კავკასიაზე მათ შორის საქართველოზეც. ეს კი თავისთავად გამოიწვევს თურქეთის გავლენის შემცირებას საქართველოზე. გარდა იმისა, რომ რკინიგზის გახსნა ძალიან სჭირდება სომხეთს, ის მთლიანად შეცვლის გეოპილიტიკურ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში,“ – აცხადებს საფრასტიანი

მაგრამ თუ სომხები თურქეთის გავლენის გაძლიერებას ნეგატიურად უყურებენ, ქართველებს პირიქით, ის ურჩევნიათ რუსეთის ძალისმიერ პარპაშს.

“ეს დიდი პოლიტიკური თამაშია, რომელიც მთლიანად შეცვლის მდგომარეობას სამხრეთ კავკასიაში,“ – აცხადებს “სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის” ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე. „საქართველოს დიდი სიფრთხილე მართებს. ძალიან ბევრ მოთამაშეს აწყობს სტატუს-კვო. როდესაც სამხრეთ კავაკასიაში პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტები იცვლება, ამას მოყვება რეგიონალური მასშტაბის ცვლილებები, რომლებიც შეიძლება სამხედრო კონფრონტაციაშიც კი გადაიზარდოს. ყველაფერი დამოკიდებულია დიდი პოლიტიკური მოთამაშეების ინტერესებზე, ესენია ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, თურქეთი, ირანი და რუსეთი.“

ანაიდ გოგორიანი IWPR ტრენინგების მონაწილე და გაზეთჩეგემსკაია პრავდასრეპორტიორია აფხაზეთში. ნინო გერზმავა IWPR ტრენინგების მონაწილეა საქართველოში. ტიგრან ჰოვანესიანი გაზეთიზვესტიასრეპორტიორია სომხეთში.

 

Frontline Updates
Support local journalists